დიდუბის რაიონში სკვერების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

788

დიდუბის რაიონში დიღმის მასივის მე-2 კვარტლის მე-12 კორპუსსა და აგლაძის ქუჩის N26-ში მოსასვენებელი სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო, ხოლო თევდორე მღვდლის ქუჩის N3-ში ახალი სკვერი ეწყობა.

გამგეობის ცნობით, აღნიშნული ტერიტორიები საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სუფთავდება, დაზიანებულ ბორდიურებს დემონტაჟი უტარდება, სკვერების ტერიტორია ლითონის მოაჯირებით შემოისაზღვრება, დამონტაჟდება გარეგანათების ბოძები და აღიჭურვება სკვერები ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

ასევე, აღნიშნულ სკვერებში გასართობი ზონაც განთავსდება, სადაც კაუჩუკის ხელოვნურ საფარზე საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება, დეკორატიული ფილებით კი, საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა და ტერიტორია სხვადასხვა მცენარით გამწვანდება.

ამასთან, დიდუბესა და დიღმის მასივში, შვიდ მისამართზე სკვერების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა და უახლოეს დღეებში დასრულდება.