ნინოწმინდის მერიამ ვაკანტურ პოზიციებზე ახალი თანამშრომლები შეარჩია

1024

ნინოწმინდის მერიამ ვაკანტურ ადგილებზე ახალი თანამშრომლები დანიშნა, რომლებიც მუნიციპალიტეტში სარეკლამო აბრების განთავსებაზე, მშენებლობა–რესტავრაციასა და სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერ მუშაობაზე იქნებიან პასუხიმგებელნი. ინფორმაციას TV9 ავრცელებს.

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელად ნინოწმინდის მერიაში, ვლადიმერ ჩალათაშვილი დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი რადიო ,,ნორისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რომ კეთილსინდისიერად იმუშავებს და იზრუნებს იმ საკითხების გადჭრისთვის, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია.

ვლადიმერ ჩალათაშვილი 1969 წელს, ახალციხეში, დაიბადა. დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა სადისტრიბუციო კომპანიაში სხვადასხვა პოზიციებზე. მეათე წელია მუსაობს ნინოწმინდის ენის სახლში მენეჯერის პოზიციაზე.

ხოლო, ახალი მაკონტროლებელი სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არტურ შირინიანი დაინიშნა. ახალი სამსახური სამშენებლო და სარესტავრაციო სამუშაოებს გაუწევს მონიტორინგს. გარდა ამისა, აღნიშნულმა სამსახურმა მუნიციპალიტეტის შიდა იერსახეზეც უნდა იზრუნოს,  როგორიც არის მაგალითად: რეკლამის განთავსება, ქუჩის ვაჭრობის რეგულაცია, ტროტუარების გამოყენების საკითხი და სხვა.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შენობებზე რეკლამების განთავსებისთვის მსურველმა, ნებართვა ხელისუფლებისგან უნდა მიიღოს. პირს, რომელსაც საკუთარი ობიექტის რეკლამირება სურს, დოკუმენტაციით უნდა მიმართოს მერიას. საბუთებს სპეციალური კომისია შეისწავლის და ამის შემდეგ მოხდება გადაწყვეტილების მიღება.

ამ დროისათვის ეს რეგულაციები არ მოქმედებს. ,,რეკლამის“ შესახებ კანონის მიხედვით, აუცილებელია რეკლამირება სახელმწიფო ენაზე განხორციელდეს, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა ენაზეც. კანონდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას.