ქალაქ ამბროლაურში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის შეხვედრა გაიმართა

824

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ ამბროლაურში, თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას,  ქალაქ ამბროლაურის მერი რატი ნამგალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, მოადგილეები და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.  შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ გახსნა. მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელეს.  შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენაა, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებთან.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ “საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია” (NALAG) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ყველა თვითთმართველ ერთეულს აერთიანებს.

წყარო: ქალაქი ამბროლაური