მეტროს მუშაობა განახლდა

802

წინა სტატია

თბილისის მეტრომ 14:00 საათიდან მუშაობა განაახლა. ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

შეთანხმება მიღწეულია და მათ მიერ დაყენებული საკითხის მოგვარება ხელფასების 45%-იან ზრდასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მოხდება.

ამასთან,  “ერთობა 2013”-მა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია “ვენდობით თბილისის მერიის დაპირებას და მის სიტყვას”.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“გვინდა გავაკეთოთ განცხადება გაფიცული 240 მემანქანის სახელით. მოგეხსენებათ, გუშინ ჩვენ შევხვდით დედაქალაქის მერს კახა კალაძეს, რომელმაც მოისმინა ჩვენი მოთხოვნები, გაგვაცნო სატრანსპორტო კომანიაში არსებული მდგომარეობა და თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობები. მთავარი, რაზეც ორივე მხარე შევთანხმდით, იყო ის, რომ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა ცალსახად დაყენებული საკითხი ხელფასების დაუყონებლივ ზრდის შესახებ და ბატონი კახიც დაგვეთანხმა, რომ თანამშრომელთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, მისი, როგორც თბილისის მერის ვალდებულებაა. კახა კალაძის მხრიდან იყო დაპირება, რომ მომავალი წლიდან დედაქალაქის მთავრობა დაუბრუნდება ამ საკითხს და ერთობლივად განვიხილავთ შესაძლებლობებს, რათა გაუმჯობესდეს მემანქანეების შრომის ანაზღაურება. ჩვენ გვქონდა დრო, რათა გვემსჯელა და გაგვენალიზებინა შეხვედრის დეტალები და მივსულიყავით კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. პირველ რიგში, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ვენდობით თბილისის მერის დაპირებას და მის სიტყვას. ამასთან, რასაკვირველია, ვაცნობიერებთ თბილისის მოსახლეობის ინტერესებს და გვესმის, რომ ამ დღეების განმავლობაში ისინი მოკლებულები იყვნენ სწრაფი და მოხერხებული გადაადგილების საშუალებას. ამდენად, ჩვენ მზად ვართ, დღეს 14:00 საათიდან მეტროპოლიტენმა განაახლოს მუშაობა. და ბოლოს, გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს ჩვენი პროტესტის უკან დგანან გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ პროცესების პოლიტიზირებას. გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ ძალებს და ვმოქმედებდით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომითი უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია “ერთობა 2013”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეებმა 4 ივნისიდან უვადო გაფიცვა დაიწყეს, რის გამოც ამ დრომდე ყველა მეტროსადგური დაკეტილი იყო .

თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვდნენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს ვერ გაუზრდის.

4 ივნისს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება გაასაჯაროა.