ნაცვლიშვილი: თუ მეტროს მემანქანეები იმსახურებენ მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ

685

“თუ მეტროს მემანქანეები იმსახურებენ მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, ბექა ნაცვლიშვილმა, გაფიცულ მეტროს მემანქანეებთან შეხვედრაზე მისვლის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მეტროს მემანქანეები მუშაობენ ყველაზე მძიმე პირობებში, შესაბამისად მათი მოთხოვნა არ არის ირაციონალური. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარკება, რომელმაც შედეგია არ გამოიღო. აქედან გამომდინარე, ცოტა ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით, მერიის და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან, ამიტომ გვაინტერესებს რას ეფუძნება ეს ყველაფერი.

თუ ეს ადამიანები იმსახურებენ უფრო მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ. ეს ასე არ არის, თუ დღეს ბიუჯეტში არ გვაქვს, მაშინ უნდა გავზარდოთ ბიუჯეტი, მაშინ რაღაც უნდა გავაკეთოთ. მცირე ბიუჯეტი თუ გვექნება, ყოველთვის ხელფასები გვექნება ნაკლები. ეს არ არის ამის ახსნა”,-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-ით გაზრდას მოითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ მერია მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მეტროს თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.