გაფიცულ 240 მემანქანეს, შესაძლოა, მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ

757

რკინიგზელთა პროფკავშირების თავმჯდომარის ვიტალი გიორგაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მერიასა და მეტროს მემანქანეებს შორის მოლაპარაკებები არ შედგა, შესძლოა პროტესტმა უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს. გიორგაძე ამბობს, რომ გაფიცულ 240 მემანქანეს, შესაძლოა, მეტროპოლიტენის სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

“თუ მხარეები დარჩებიან დაპირისპირებულად და მთავრობა სამართლიანად გაფიცული ადამიანების წინააღმდეგ სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებებს გამოიყნებეს, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორგანიზებას გავუკეთებთ სოლიდურ აქციებს და ეს უფრო დიდ პროტესტში გადაიზრდება.

როგორც ჩანს მერს მისი წარსული პროფესიიდან გამომდინარე ძველი თვისებები გამოყვა, ის მცველია და იცავს საკუთარ პერიმეტრს, კარგად მანიპულირებს პუბლიკასთან, მაგრამ ერთი რამე უნდა შევახსენოთ ამ ადამიანს, რომ გუნდი სადაც ის თამაშობს, ეკუთვნის მემანქანეებს”, – აცხადებს ვიტალი გიორგაძე.

მეტროს სხვა თანამშრომლების გაფიცვის შესახებ გუშინ bm.ge-სთან ერთ-ერთმა მემანქანემ, დავით გაგუამაც ისაუბრა. როგორც გაგუამ აღნიშნა საკუთარ ხელფასებს, რომელიც 300-დან 800 ლარამდე მერყეობს მეტროპოლიტენში სხვა პოზიციებზე დასაქმებულებიც აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რომ მემანქანეების გაფიცვის გამო, 4 ივნისიდან ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

გუშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

ასევე, უშედეგოდ დასრულდა მერსა და გაფიცულებს შორის გამართული ორივე მოლაპარაკება, რომელიც 4 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერიასა და გლდანის დეპოს ტერიტორიააზე გაიმართა.