სოფელ ზანავში ბიბლიოთეკა გაიხსნა

734

ადიგენის სოფელ ზანავში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრი გაიხსნა. ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები მთის განვითარებისთვის“ დამფუძნებლების, მინდია შაინიძისა და ბესარიონ შენგელიას ინიციატივით აშენდა.

სოფელ ზანავის ცენტრში 210 კვ.მ–ის ფართობის ტერიტორია მინდია შაინიძეს თანასოფლელმა უსასყიდლოდ გადასცა. შენობაში საჭიდაო დარბაზი და ერთი ოთახია. აქ ადგილობრივი ახალგაზრდები თავისუფალი სტილით ჭიდაობას შეისწავლიან, ასევე, ტექნიკურ საგნების, ინგლისურსა და კომპიუტერის კურსებზე უფასოდ გადაემზადებიან.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მინდია შაინიძე განმარტავს, ახალგაზრდებს თავისუფალი სტილით ჭიდაობას თავად შეასწავლის. ინგლისურის, ტექნიკური საგნებისა და კომპიუტერის კურსების შესასწავლად კი სხვა პედაგოგებს შეარჩევს.

ზანავის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრით სარგებლობა ადგენის მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის წარმომადგენელს შეეძლება. ხელმძღვანელების თქმით, ცენტრში მოსწავლეების სამოქალაქო განათლების ასამაღლებლად შეხვედრები და დისკუსიებიც მოეწყობა.

“ადიგენში სხვასხვა რელიგიის წარმომადგენლები ცხოვრობენ და ეს, არის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს მათ დამეგობრებას. ეს, ცენტრი მოემსახურება ადიგენის ყველა სოფლის წარმომადგენელს, ვისაც სურვილი ექნება”, – გვითხრა მწვრთნელმა და ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია შაინიძემ.

გარდა ამისა, მოეწყობა ბიბლიოთეკა, სადაც მსურველებს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურის წაკითხვა შეეძლებათ. ამისთვის ცენტრს, საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბილიოთეკამ 150-მდე წიგნი გადასცა.

“ამ ტიპის შენობებზე, მითუმეტეს მულტიკულტურულ და მულტიეთნიკურ სივრცეში, დგას სახელმწიფოებრიობა. აქ ახალგაზრდები მიიღებენ სპორტულ თუ კულტურულ განათლებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, რომელიც ზანავში ღონისძიებას დაესწრო. მისივე თქმით, გარდა წიგნებისა, ეროვნული ბიბლიოთეკა ცენტრს კომპიუტერებსაც შეუძენს.

სოფელ ზანავში, კულტურულ–საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის გახსნას, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ, რომლებმაც ცენტრის მშენებლობასა და ინვენტარით აღჭურვაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ, ორგანიზაცია „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ წარმომადგენლები. მათ ცენტრის მშეენებლობა 50 000 ლარით დააფინანსეს.

“ჩვენ თვადაპირველად შევხვდით ადგილობრივებს და შევიტყვეთ, რომ აქაურ ახალგაზრდებს არ ჰქონდათ ისეთი დაწესებულებები, რითაც შეძლებდნენ მიეღოთ დამატებითი განათლება. ამიტომ, გადვწყვიტეთ ცენტრის მშენებლობაში, ჩვენი წვლილიც შეგვეტანა. ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ–კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროგრამებში,რაც სამოქალაქო განათლებისათვის მნიშვნელოვანია”, – განაცხადა “ქალთა საერთაშორისო ასოციაციის” წარმომადგენელმა, ქეროლაინ რაისმა.

კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ცენტრის მშენებლობა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მისი ხელმძღვანელი მინდია შაინიძე აცხადებს, კერძო ბიზნესმენებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, ცენტრის მშენებლობა და ინვენტარით აღჭურვა სულ 100 ათასი ლარი დაჯდა.

წლების განმავლობაში, მინდია შაინიძე ადიგენის 5 სოფლის 30–მდე მოზარდს საკუთარ სახლში, ჭიდაობას უსასყიდლოდ ასწავლიდა.

წყარო: “სამხრეთის კარიბჭე”

ფოტო: “სამხრეთის კარიბჭე”