თბილისის ბიბლიოთეკარების გამოცდები გაურკვეველი ვადით გადაიდო

768

წინა სტატია

თბილისის ბიბლიოთეკარების გამოცდები ისევ გადაიდო. ტესტირება 2 ივნისს, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ იუსტიციის სასწავლო ცენტრს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის მე-19 ბიბლიოთეკის უფროსზე ირინე კენჭაძეზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ბიბლიოთეკარების ნაწილი სასამართლოში ტესტების შინაარსობრივ მხარეს აპროტესტებს, რომელიც, მისი თქმით, მერიის მიერ ჩატარებულ ტრენინგებს არ შეესაბამება.

ირინა კენჭაძის განცხადებით, ტესტებში შედიოდა საკითხები საქართველოს კანონიდან საბიბლიოთეკო საქმის შესახებ და მსოფლიო ბიბლიოთეკების შესახებ რეკომენდაციებიდან (IFLA).

როგორც კენჭაძე განმარტავს, შეიცავს თემებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბიბლიოთეკების საქმიანობის, მათი ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, რაც, როგორც ირინა კენჭაძე ამბობს, ქართველი ბიბლიოთეკარების პრაქტიკული საქმიანობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას ხელს ვერ შეუწყობს.

სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცდების გადადების ფაქტს ადასტურებენ თბილისის მერიაშიც.

მათი თქმით, ტესტირება მას შემდეგ დაინიშნება, რაც სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას გეგმავს. ამის შესახებ თებერვალში, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. რეფორმის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სწორედ ბიბლიოთეკარების გამოცდა უნდა ყოფილიყო, რომელიც ჯერ აპრილის ბოლოს დაინიშნა, მოგვიანებით კი ერთი თვით გადაიდო, თუმცა გამოცდები არც 2 ივნისს ჩატარდა. რეფორმა ასევე ითვალისწინებს ბიბლიოთეკების ინფრასტრუქტურის განახლებას.