სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაფიცულ მემანქანეებს შეხვდა

754

წინა სტატია

სახალხო დამცველის წარმომადგენელი თათული თოდუა გაფიცულ მემანქანეებთან მივიდა, რომლებიც ომბუდსმენის წარმომადგენელთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

თათული თოდუას თქმით, სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება შეეზღუდათ, საზიანო და საშიში პრეცედენტია. თოდუა ამბობს, რომ მემანქანეებს არ დაურღვევიათ კანონი, რადგან მათ გაფიცვა დაიწყეს არასამუშაო საათებში.  ინფორმაციას “ლიბერალი” ავრცელებს.

„ჩვენთვის საინტერესო იყო, შეგვეფასებინა, რანდენად კანონიერ ჩარჩოში მიმდინარეობს დღევანდელი მოვლენები. მათ გაფიცვა დაიწყეს სწორედ დასვენების დროის განმავლობაში, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ქმედებები აბსოლუტურად კანონიერების ფარგლებშია და, რა თქმა უნდა, შეუძლებელია საუბარი სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მასთან დაკავშირებით რაიმე პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე. გაფიცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვთ დასაქმებულებს და ამ უფლების რეალიზაციის ძირითადი არსი არის  ის, რომ დამსაქმებელზე რაც შეიძლება დიდი წნეხი განხორციელდეს და მას მიადგეს ზარალიც კი სამუშაოს შეუსრულებლობით, რათა დასაქმებულებმა დაიკმაყოფილონ თავიანთი ინტერესები“, – განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენლმა, თათული თოდუამ.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ.

ცოტა ხნის წინ მემანქანეებმა დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილთან საუბარის შემდეგ თქვეს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზად არიან. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს.