თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორზე მხოლოდ 25 თვეში გაცემული ხელფასი ერთი მემანქანის 9-13 წლის ხელფასს უდრის

1932

როგორც ცნობილია, დღეს თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები გაიფიცნენ. ისინი დედაქალაქის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას სთხოვენ, 45%-ით გაუზარდონ ხელფასები. მემანქანეები ამბობენ, რომ მათ 2013 წლიდან ხელფასი არ მომატებიათ.

დღეს დედაქალაქის მერმა თქვა, რომ მემანქანეების ანაზღაურება 1800 ლარია, რაც ექიმების, პოლიციელებისა და მეხანძრეების ხელფასს აღემატება. თავად გაფიცული მემანქანეები ამბობენ, რომ კალაძე მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს და აცხადებენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგოები და დანამატები, ჯამურად, 1200 ლარს შეადგენს.

ამ ფონზე droa.ge დაინტერესდა, რა ანაზღაურება აქვთ მიღებული თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხოლოდ გენერალურ დირექტორებს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან დღემდე.

ამ ხნის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიამ სამი ხელმძღვანელი გამოიცვალა. 2014 წლის აგვისტოს ბოლოს დედაქალაქის მაშინდელმა მერმა, დავით ნარმანიამ კომპანიის დირექტორად ალექსანდრე ჯაფარიძე დანიშნა. ჯაფარიძემ 2014 წელს, მხოლოდ 4 თვეში, ამ თანამდებობაზე ყოფნისას, სახელფასო ანაზღაურების სახით 35 600 ლარი აიღო, ხოლო 2015 წელს – 85 680 ლარი. უცნობია, რა ანაზღაურება მიიღო ჯაფარიძემ ამ თანამდებობაზე ყოფნის კიდევ 4 თვეში, სანამ მას სხვა პირით ჩაანაცვლებდნენ. სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელ გენდირექტორს დეკლარაცია აღარ შეუვსია.

2016 წლის აპრილის ბოლოს ალექსანდრე ჯაფარიძე ნუგზარ ჭეიშვილმა შეცვალა. ჭეიშვილს, ამ თანამდებობაზე ყოფნისას, დეკლარაცია ორჯერ – 2016 და 2017 წლებში აქვს შევსებული. პირველად მაშინ, როცა სატრანსპორტო კომპანიის დირექტორად დაინიშნა, მეორედ კი – 2017 წლის ივნისში, სადაც 2016 წელს მიღებული შემოსავლებია ნაჩვენები. პირველ დეკლარაციაში სხვა უწყებებში მიღებული შემოსავლებია ნაჩვენები, სატრანსპორტო კომპანიიდან ამ დროისთვის ანაზღაურება მიღებული არ ჰქონია, შესაბამისად, თანხაც დეკლარაციაში ასახული არ არის.

რაც შეეხება მეორე დეკლარაციას, მისი შევსებისას ჭეიშვილმა კანონი დაარღვია და სახელფასო ანაზღაურების სახით მიღებული თანხა არ გაასაჯაროვა, თუმცა, მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მაინც გავრცელდა. On.ge-ს მიერ კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცის თანახმად ირკვევა, რომ 2016 წლის 1 მაისიდან 31 დეკემბრამდე, 8 თვეში, ჭეიშვილმა ამ თანამდებობაზე 56 080 ლარი გამოიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ ნუგზარ ჭეიშვილი სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად 2017 წლის ნოემბრის ბოლომდე მუშაობდა, მას დეკლარაცია აღარ შეუვსია. შესაბამისად, უცნობია, რა ანაზღაურება მიიღო მან დარჩენილი 11 თვის მანძილზე.

2017 წლის ნოემბრის ბოლოს, დედაქალაქის ახალმა მერმა კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორად მამუკა კობახიძე დანიშნა. კობახიძემ 2017 წლის შემოსავლებთან დაკავშირებით დეკლარაცია 2018 წლის მარტში შეავსო და ამ თანამდებობაზე 2017 წელს, 42 დღის განმავლობაში მიღებული შემოსავალიც ასახა. როგორც აღმოჩნდა, კობახიძემ, არასრულ 2 თვეში, სახელფასო ანაზღაურების სახით, 13 333 ლარი მიიღო.

გასაჯაროებული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ  მხოლოდ 25 თვეში, ჯამში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორებზე, სახელფასო ანაზღაურების სახით, 190 693 ლარია გაცემული.

ცხადია, კომპანიის გენდირექტორებს მეტი ანაზღაურება აქვთ მიღებული, ვინაიდან 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2018 წლის 1 ივნისამდე პერიოდიდან, ანუ 45 თვიდან, მხოლოდ 25 თვის განმავლობაში გაცემული ანაზღაურებაა ცნობილი. უცნობია 20 თვეში ამ თანამდებობის პირებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა.

თუ დავუშვებთ, რომ თბილისის მერია მართალია და მეტროს მემანქანეების ყოველთვიური ანაზღაურება მართლაც 1800 ლარია, გამოდის, რომ სატრანსპორტო კომპანიის გენდირექტორების მხოლოდ 25 თვის ხელფასებზე გაცემული თანხა მეტროპოლიტენის მემანქანეების 105,9 თვის, ანუ თითქმის 9 წლის ხელფასს შეადგენს. ხოლო თუ მემანქანეებს ვენდობით, რომლებიც ამბობენ, რომ მათი ხელფასი 1200 ლარია, გამოდის, რომ გენდირექტორებზე 25 თვეში გაცემული თანხა მემანქანეების 158,9 თვის, ანუ 13 წლის ხელფასს ეყოფა.

ცხადია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მხოლოდ გენდირექტორი არ მუშაობს. კომპანიას, მის გარდა, სხვადასხვა დარგში კიდევ 6 დირექტორი და სამსახურის, ავტობაზის და ა.შ. 39 უფროსი ჰყავს. იმის გამო, რომ ამ ადამიანებს დეკლარაციის შევსება არ ევალებათ, უცნობია, რა ანაზღაურებას იღებს სატრანსპორტო კომპანიის ტოპმენეჯმენტი ცალცალკე, ან ჯამურად.

***

ამასობაში მეტროს მემანქანეების გაფიცვიდან 12 საათზე მეტია გასული და ჯერაც არ არის ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა მერია გაფიცულთა მოთხოვნებს. ფაქტია, დღეს თბილისი, პრაქტიკულად, სატრანსპორტო კოლაფსში ჩავარდა. მეტროს გაფიცული თანამშრომლები თბილისის მერთან შეხვედრას ითხოვენ იმისათვის, რომ კონკრეტულად აუხსნან, რას და რატომ ითხოვენ. ჯერჯერობით, უცნობია, შეხვდება თუ არა დედაქალაქის მერი ან მისი რომელიმე მოადგილე მეტროს მემანქანეებს. ამ დროისთვის მხოლოდ თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ დაადასტურა, რომ მზად არის, გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდეს, თუმცა, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, როდის და სად შეხვდებიან მათ, რას აპირებენ, ან, ზოგადად, როდისთვის აღდგება მეტროპოლიტენის ფუნქციონირება.