რუსთავში სანიაღვრე არხების პრობლემაზე ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში იმსჯელეს

717

რუსთავში, 2 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგების, სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობისა და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგების საკითხებზე იმსჯელეს დღეს ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში.

შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მათი მოადგილეები, ასევე შპს „საქართველოს მელიორაციის“ ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურისა და კომპანია „ბი-პის“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სანიაღვრე არხებისა და წყალსაწრეტი სისტემების რეკონსტრუქცია-მოწყობისთვის დაგეგმილი სამუშაოები და მომავალში, უხვი ნალექის შემთხვევაში მსგავსი შედეგების პრევენციის გზები განიხილეს.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, უახლოეს პერიოდში დაიწყება თბილისი–წითელი ხიდის საგზაო მონაკვეთის პროექტირება და ამ პროექტში, სწორედ ის რისკები იქნება გათვალისწინებული, რომელიც რუსთავს უკავშირდება.

“პრევენციის გზები უნდა იყოს მასშტაბური. უხვი ნალექის გამო, სანიაღვრე სისტემის გამტარუნარიანობა დაბალია და ქალაქი იტბორება. ამ პრობლემის გადაჭრის პროცესში დაინტერესებული და კომპეტენტური პირები არიან ჩართული. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება თუ რა გზებით და რა საშუალებით უნდა მოვახდინოთ რეაგირება, რომ ქალაქს საერთოდ აღარ ჰქონდეს ეს პრობლემა“, – თქვა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ შეხვედრის შემდეგ.

ქალაქის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის კონკრეტული პროექტების განხილვის მიზნით, უახლოეს პერიოდში, სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთან შეხვედრა დაიგეგმა.

2 ივნისს, რუსთავი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.