ბექა ნაცვლიშვილი მზადაა, მემანქანეებსა და სატრანსპორტო კომპანიას შორის მოლაპარაკებებში ჩაერთოს

950

წინა სტატია

უმრავლესობის დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, სატრანსპორტო კომპანიასა და მეტროპოლიტენის თანამშრომლებს შორის ვითარების დალაგება მხოლოდ მოლაპარაკების მეშვეობით შეიძლება მოგვარდეს. მისი თქმით, ის მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკების პროცესში, თუკი ამის სურვილი ორივე მხარეს ექნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს,

ბექა ნაცვლიშვილი აქციაზე მივიდა, რომელსაც ხელფასების გაზრდის მოთხოვნით მეტროპოლიტენის თანამშრომლები მეორე დღეა მართავენ. მისი თქმით, მერიასთან კონსულტაციები არ ჰქონია ამ საკითხზე და ვითარებას მხოლოდ მედიის მეშვეობით იცნობს.

“ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელმაც შედეგი არ გამოიღო. აქედან გამომდინარე, ცოტა ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით, ზოგადად სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ გვაინტერესებს რას ეფუძნება ეს ყველაფერი. ვეცდებით, რომ გავარკვიოთ რა ხდება. თუ სურვილი ექნებათ, შეიძლება შევასრულო შუამავლის როლი. ამის გამოცდილება მაქვს. ამიტომ, კარგი იქნება გავიგოთ პოზიციები. უპირველეს ყოვლისა მაინტერესებს მემანქანეთა პოზიცია იმიტომ, რომ სატრანსპორტო კომპანიის პოზიციები ჩემთვის მეტნაკლებად ნათელია. თუ სურვილი ექნება ორივე მხარეს, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები. დარწმუნებული ვარ მოლაპარაკების გზით ყველა პრობლემა შეიძლება გადაიჭრას“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, მემანქანეების გაფიცვის გამო ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მემანქანეები ამბობენ, რომ უვადო გაფიცვა დაიწყეს. ისინი ხელფასების მატებას ითხოვენ. დღეს კიდევ გააჟღერეს, რომ მათ მერთან შეხვედრა სურთ. 

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ გაფიცულების წინააღმდეგ სანქციებს აამოქმედებს, მათ შორის, შესაძლოა, მათ ხელფასი დაუკავონ.

დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ა(ა)იპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულება გაასაჯაროა.

დღეს, 19:00 საათზე აუდიტორია 115 მეტროს გაფიცული თანამშრომლების სოლიდარობის აქციას გეგმავს