ისანში 14 ავტოფარეხის ნაცვლად სკვერი გაკეთდება

699

ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის N9-ში მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 14 ავტოფარეხის დემონტაჟი დაიწყო.

თბილისის მერიის ცნობით, მოსახლეობამ სურვილი გამოთქვა, რომ ავტოფარეხების ნაცვლად, ტერიტორიაზე მწვანე სივრცე მოეწყოს.

“ისნის რაიონში, შავი ზღვის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენს წამოწყებას გამოეხმაურნენ და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ აქ არსებული ავტოფარეხები დაიშალოს და მათ ადგილას მწვანე სივრცე – პატარა სკვერი გაკეთდეს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ქალაქისთვის იმიტომ, რომ უბნებში მწვანე სივრცეები იქმნება. აქ მცხოვრები ადამიანების საკუთრების ფასიც მოიმატებს, რადგან გარშემო ბევრი მწვანე სივრცე იქნება. მიხარია, რომ ამ მიმართულებით საზოგადოების თანადგომა და ჩართულობა არსებობს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში არსებული ავტოფარეხების ნაცვლად სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივით აპრილში, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე გამოვიდა. ამ ინიციატივით უკვე ისარგებლეს წერეთლის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებმა.