ვეჯინის ამბულატორია 6 თვის წინ აშენებულ შენობაში ისევ ვერ გადადის

938

წინა სტატია

მიუხედავად იმისა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ამბულატორიის მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დასრულდა, ექიმებს პაციენტების მიღება ისევ ძველ, ამორტიზებულ შენობაში უწევთ. მიზეზი ახალ შენობაში არსებული ხარვეზებია. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.

“უმძიმეს პირობებში გვიწევს მუშაობა. ჭერიდან წყალი ჩამოდის, იატაკი დალპა. ნებისმეირ დროს შეიძლება ვინმემ ფეხი მოიტეხოს. როცა წვიმს, ელექტროსადენები მთლიანად სველდება და შუქს ვეღარ ვანთებთ. ვესაუბრე სოფელ ვეჯინის წარმოამდგენელს გურჯაანის საკრებულოში ზურაბ მუხულიშვილს. მან მითხრა, რომ კომპანიამ სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა და მან კვირის ბოლოსთვის უნდა გამოასწოროს ხარვეზები.” – აღნიშნა ვეჯინის ამბულატორიის ოჯახის ექიმმა ელმირა ბეციაშვილმა.

აღნიშნული საკითხი სპექტრმა მიმდინარე წლის 17 აპრილსაც გააშუქა. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ მიზეზი, რის გამოც ობიექტი ვერ გაიხსნა, ისაა, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი არ არის.

თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიაში განაცხადეს, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში საკითხი უკვე მოაგვარეს.

“დეტალურად ვერ გეტყვით რა ხარვეზებზეა საუბარი, თუმცა მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მიმდინარე კვირაში მოგვარდება და მომავალი კვირიდან გადაყვანის პროცესს დავიწყებთ.”- აღნიშნა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ვეჯინის ამბულატორიის მშენებლობისთვის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 55 607 ლარი დაიხარჯა.