სომხეთის ახლად არჩეული პრემიერი ახალქალაქის მოსახლეობას შეხვდა

898

სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩამოვიდა, ახალქალაქში ეთნიკურად სომეხ მოსახლეობასაც შეხვდა.

ადგილობრივი გამოცემის, jnews.ge-ს ცნობით, ძლიერი წვიმის მიუხედავად, მოსახლეობა ნიკოლ ფაშინიანს ღია ცის ქვეშ უცდიდა.

ნიკოლ ფაშინიანი ახალქალაქში საქართველოს ვიცეპრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მიხეილ ჯანელიძესთან და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან, კახა სამხარაძესთან ერთად ჩავიდა, სადაც ახალქალაქის კულტურის სახლში მიწვეულ სტუმრებს შეხვდა. მოსახლეობა კი შეხვედრას თვალს ქუჩაში დამონტაჟებულ ეკრანზე ადევნებდა.

„გუშინ შევხვდი საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, ჩვენ საპროტოკოლო დოკუმენტები გვერდზე გადავდეთ და ძალიან გულწრფელად ვისაუბრეთ. სომხეთს სოლიდარობა უნდა მეზობელ საქართველოსთან. ჩვენ ურთიერთობებს ახალი ფორმულა უნდა დაედოს საფუძვლად. ქართველი ხალხი უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ სომხეთის მხრიდან მუქარა და აგრესია არასდროს იქნება“, – განაცხადა ახალქალაქის კულტურის სახლში ადგილობრივებთან შეხვედრისას ნიკოლ ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია, არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოს გამარჯვებაცაა: „დარწმუნებული ვარ, რომ სომეხი ხალხი ააყვავებს ნებისმიერ კუთხეს. მჯერა, რომ ჯავახეთში მცხოვრები სომხები დიდი ენთუზიაზმით მოეკიდებიან საქართველოს აღმშენებლობის საქმეს“.

მანამდე ფაშინიანი დახურულ კარს მიღმა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტს შეხვდა, რის შემდეგაც სურბ ხაჩის სახელობის ეკლესიას ესტუმრა.

ფაშინიანი  სომხეთში ჯავახეთიდან ავტომობილით გაემგზავრა.