ბაღდათში ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები გაიფიცნენ

1071

ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები მოსალოდნელ უხელფასობას აპროტესტებენ და გაიფიცნენ. გაერთიანების ორი ფილიალის თანამშრომლები ჯერ ბაგა-ბაღების გაერთიანების შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც პასუხი არავინ გასცათ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობასთან გადაინაცვლეს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

“მაისის თვეში ხელშეკრულების ვადა უკვე ამოგვეწურა, ხვალიდან კი მუშაობის გაგრძელება ანაზღაურების გარეშე მოგვიწევს,  არ ვიცით, რას გეგმავს ბაგა-ბაღების გაერთიანება და როდის ჩატარდება ატესტაცია”, -თქვა ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა, რომელსაც ვინაობის დაკონკრეტება არ სურს.

ბაგა-ბაღების თანამშრომლები შიშობენ, რომ ხელშეკრულებების გაფორმება სექტემბრიდან მოხდება, ზაფხულის თვეებში კი უხელფასოდ დარჩებიან. მათი თქმით, უმეტესობას ბანკის ვალები აქვთ, უხელფასოდ დარჩენის შემთხვევაში კი, არ იციან, როგორ შეძლებენ კრედიტების დაფარვას.