ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს უხელმძღვანელებს

1429

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს გალაქტიონ ბუაძე უხელმძღვანელებს. ის თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ წარადგინა.

მანამდე ბუაძე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად მუშაობდა. ის თანამდებობიდან ერთი თვის წინ, ახალი მინისტრის მისვლის შემდეგ გათავისუფლდა.

“ის, ასევე, დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ენერგეტიკის სამინისტროში. იყო ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე და ჩვენ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ”,- თქვა კახა კალაძემ.

გალაქტიონ ბუაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად თბილისის საკრებულოში უკვე გადაიგზავნა.