თბილისის მერიამ 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმა გამოწერა

731

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, 10 აპრილიდან დღემდე პარკირების წესების დარღვევაზე 36 816 ჯარიმა გამოწერა, რაც ჯამში 368 160 ლარზე მეტია. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა.

მისი შეფასებით თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით ართმევს თავს და მან მადლობა გადაუხადა კომპანიის თანამშრომლებს.

“ამ დროის განმავლობაში განხორციელდა 237 ავტომანქანის ევაკუაცია, ხოლო სერვისის მომხმარებლების მხრიდან, პარკირების საფასურის სახით გადახდილია 20 488 ლარზე მეტი. ანუ თბილისის პარკინგი წარმატებით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას. გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო… გვეუბნებოდნენ, რომ ქალაქში კოლაფსი იქნებოდა, ჩვენ ვერ შევძლებდით და ვერ განვახორციელებდით პარკირების ფუნქციის შეთავსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა. 10 აპრილიდან კი სიტი პარკის მოვალეობებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ასრულებს.