კახეთის ტურისტულ ზონებში საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმართავია

646

კახეთში ტურისტული სეზონი დაიწყო, რეგიონის ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, ტურისტულ ზონებში კი საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემაა, შენობები ხშირ შემთხვევაში არ ფუნქციონირებს ან დაბინძურებულია და არ მოდის წყალი. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, მთავარანგელოზის ეკლესიასთან, სადაც დღის განმავლობასი თავს უამრავი ტურისტი იყრის, საპირფარეშოს კარი არ გააჩნია.

ასევე, ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშოა ლაგოდეხში, ცენტრალური სკვერის ტერიტორიაზე, შენობა 2012 წელს აშენდა და ის ადგილობრივ ბოუჯეტს 30 ათას ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა ობიექტს არანაირი მანიშნებელი არ აქვს, რომ ის საპირფარეშოა, შესაბამისად მისი არსებობის შესახებ ცოტა ადამიანმა იცის, ტურისტებს კი საპირფარეშოს პოვნა უჭირთ.

ლაგოდეხის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ საპირფარეშოს მანიშნებელი წარწერები უახლოეს მომავალში გაუკეთდება.

ხოლო, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ნათია ტატიშვილის თქმით, პრობლემის შესახებ ინფორმირებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საიდანაც შემდგომ მოქმედებებს ელოდებიან.

“ყველა მუნიციპალიტეტში დაწყებულია სამუშაოები, რომ დაამატონ საპირფარეშოები და ასევე, უკვე არსებულში გააუმჯობესონ ვითარება”,- აცხადებს ნათია ტატიშვილი.