მარნეულის მერს გენდერული საბჭოს წევრობა სურს

752

მარნეულში გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულებისას საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ია ესებუამ განაცხადა, რომ მერს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრობა სურს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.

თემურ აბაზოვის განცხადებით, მას წევრობა იმიტომ სურს, რომ საბჭოს წევრებმა თავიანთი საქმე იმაზე უფრო კარგად გააკეთონ, ვიდრე გეგმავდნენ.

აღსანიშნავია, რომ მერმა გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრ ნონა სამხარაძეს შენიშვნა მისცა, როგორც აღმოჩნდა მას არ მოეწონა, რომ ნონა სამხარაძე არასამთავერობო სექტორის წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ რეკომენდაციებზე, გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქედო გეგმაში შესატან საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარ აზრს აფიქსირებდა.

ნონა სამხარაძემ კი აბაზოვს შეახსენა, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი მერისაგან განსხვავებით, თავად იყო, თუმცა მიესალმებოდა მერის დასწრებას საბჭოს სხდომებზე.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მერს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრობა სურს, ნონა სამხარაძემ განაცხადა, რომ მერის ჩართულობას საბჭოს ფუნქციონირებაში დადებითად აფასებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საბჭოში თანასწორუფლებიანი წევრი იქნება და არა მერის სტატუსით გამაკონტროლებელი.