ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით მოსწავლეები გერმანიაში გაემგზავრებიან

615

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და დაფინანსებით, ბორჯომელი მოსწავლეები ზაფხულში გერმანიის ქალაქ ვეიჰეს საერთაშორისო ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრებიან.

ვიზიტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსწავლეებსა და მშობლებს მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ პირადად გააცნეს.

მერიის ინფორმაციით, ბანაკში 15 მოსწავლე და 3 მასწავლებელი 11 ივლისიდან 16 ივლისამდე დარჩებიან.

მოსწავლეები გერმანელ, ლატვიელ და ფრანგ თანატოლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში, პრეზენტაციასა და ჯგუფურ აქტივობაში. ასევე, მოინახულებენ ღირშესანიშნაობებს.

„მსგავს საჩუქარს მუნიციპალიტეტი მეორე წელია უკეთებს ახალგაზრდებს. ეს იქნება მოტივაცია მათთვის, კიდევ უფრო მეტად იშრომონ და უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. ასევე, ამ მოგზაურობით მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიარონ საკუთარი კულტურა და ტრადიციები უცხოელ თანატოლებს“- აღნიშნა მერმა.

მოსწავლეები ყველა საჯარო სკოლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მიხედვით, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ შეირჩნენ.

“მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს”,-აცხადებენ მერიაში.