IRI: ცენტრალურ დონეზე ინსტიტუტების მიმართ კმაყოფილება მცირდება, თვითმმართველობის მიმართ კი – იზრდება

846

წინა სტატია

ცენტრალურ დონეზე ინსტიტუტების მუშაობით კმაყოფილება მცირდება; ადგილობრივ დონეზე კი – იზრდება, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

IRI-ს ცნობით, მათ მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის, პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, მათივე ცნობით, კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.

“არც ისე დიდი ხნის წინ, ქართული პოლიცია აღიქმებოდა კორუფციასთან ბრძოლის საუკეთესო მაგალითად. თუმცა, უკანასკნელმა კვლევამ გვაჩვენა აღნიშნული ინსტიტუტის მიმართ ნდობის კლება, რაც ყურადსაღებია და სავარაუდოდ, დაკავშირებულია საზოგადოებაში გავრცელებულ აღქმასთან, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში კორუფციისა და კრიმინალის დონე გაიზარდა”,- განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების დირექტორმა, სტივენ ნიქსმა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო კვლევის მიხედვით, პოლიციის მიმართ საზოგადოების ნდობა 50%-ს შეადგენს, როდესაც 2013 წლის მაისის კვლევაში ეს მონაცემი 88% იყო. ამავე პერიოდის შედარებითი ანალიზით, საზოგადოების ნდობა დაეცა სხვა ინსტიტუტების მიმართაც, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტის (შემცირდა 45%-ით), პარლამენტის (შემცირდა 47%-ით), პროკურატურისა (შემცირდა 24%-ით) და სასამართლოს (შემცირდა 30%-ით) მიმართ.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ამის საპირწონედ, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების მიმართ ნდობა, 2016 წლის მარტის კვლევასთან შედარებით, 27%-დან, დღეს უკვე 43%-მდე გაიზარდა. ორი რეგიონი, სადაც მათ მიმართ ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს, სამცხე-ჯავახეთი (60%) და აჭარა (59%), ასევე, დასახელდა ყველაზე გამჭვირვალე და ღია რეგიონებად.

„ადგილობრივი ხელისუფლების შეფასების გაუმჯობესებული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ მათი მოქალაქეებთან ურთიერთობისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგიანია“, – აცხადებს ნიქსი.

მისივე თქმით, „განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ ეს მაჩვენებელი გამოკვეთილია ისეთ რეგიონებში, სადაც ვხვდებით უმცირესობების ფართო დასახლებებს, რომელთა მარგინალიზაციაც წარსულში ხდებოდა“.

კვლევა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე, საქართველოს 1500 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარია +/- 2.5%-ია.

იხილეთ კვლევა სრულად