IRI: მოსახლეობის 43% ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას დადებითად აფასებს

821

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, კითხვაზე, როგორ მუშაობენ ინსტიტუციები, ადგილობრივი თვითმმართველობების მუშაობას გამოკითხულთა 43% დადებითად, უარყოფითად კი 47% აფასებს.

გამოკითხვის თანახმად, ინსტიტუციების შეფასების მაჩვენებელი ასეთია: საქართველოს საპატრიარქოს საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 84% აფასებს, არმიას – 83%, ქართული მედიის მუშაობა 68%-ს მოსწონს, პოლიციის – 50%-ს, განათლების სისტემა მოსწონს გამოკითხულთა 49%-ს, 43% დადებითად აფასებს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობას, ასევე, 43% აქვს პრეზიდენტის ადმინისტრაციისაც. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობა მოსწონს 36%-ს. რაც შეეხება პრემიერის ადმინისტრაციის, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის მუშაობას, მათ დადებითად გამოკითხულთა 34% აფასებს. სახალხო დამცველის მუშაობით კი 30%-ია კმაყოფილი.

რაც შეეხება პოლიტიკურ რეიტინგებს, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას, შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა ხმები ასე განაწილდა: ქართულ ოცნებას – 27%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 17%, ევროპულ საქართველოს – 7%, ლეიბორისტულ პარტიას – 5%, პატრიოტთა ალიანსს – 4%, დემოკრატიულ მოძრაობას – 3%, ახალ საქართველოს – 2%, ხოლო თავისუფალ საქართველოს – 1%. არც ერთ პარტიას ხმას არ მისცემდა გამოკითხულთა 19%, ხოლო არ იცის 14%-მა.

რაც შეეხება კითხვას, რომელ პარტიას არასოდეს მისცემდით ხმას, გამოკითხულთა ხმები ასე განაწილდა: ქართულ ოცნებას არასოდეს მისცემდა ხმას 27%, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 24%, დემოკრატიულ მოძრაობას – 10%, გირჩს – 9%, პატრიოტთა ალიანსს – 9%, ლეიბორისტულ პარტიას – 8%, ევროპულ საქართველოს – 8%, ახალ საქართველოს – 6%, რესპუბლიკურ პარტიას – 5%, ხოლო თავისუფალ დემოკრატებს – 3%.

რაც შეეხება პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების პერსონალურ რეიტინგს, პირველი ათეული ასეთია: დავით ბაქრაძე – 53%, გიორგი მარგველაშვილი – 52%, კახა კალაძე – 50%, დავით სერგეენკო – 49%, გიორგი კვირიკაშვილი – 41%, შალვა ნათელაშვილი – 34%, გრიგოლ ვაშაძე – 32%, ნიკა მელია – 31%, გიგი უგულავა – 30%, თეა წულუკიანი – 27%.

კვლევა, ასევე, აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აგრძელებს მკვეთრად პროდასავლური საგარეო პოლიტიკის მხარდაჭერას. ჯამში, გამოკითხულთა 77% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს “მხოლოდ პროდასავლური და ევროკავშირისკენ მიმართული (27%) ან პროდასავლური, მაგრამ, ამასთანავე, რუსეთთან ურთიერობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული (50%)“. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დიალოგის მხარდაჭერის მაჩვენებელი კვლავაც მაღალია – 76%, იგი, 2017 წლის აპრილის შემდეგ, 6%-ით, ხოლო 2013 წლის თებერვალთან შედარებით, 19%-ით შემცირდა.

კვლევა ბალტიის კვლევების/გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით ჩატარდა. მონაცემთა შეგროვება 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში მოხდა და საარჩევნო უფლების მქონე, საქართველოს 1500 მოქალაქე გამოიკითხა. ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტია.

იხილეთ კვლევა სრულად