რუსთაველები: ჯართის გადამამუშავებელი ქარხანა ჰაერს აბინძურებს

1584

რუსთავის მოსახლეობა კომპანია “ჯეოსთილის” წინააღმდეგ – მოქალაქეების ნაწილი კომპანიის საწარმოს გარემოს დაბინძურებაში ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებსაც აანონსებს. სოციალურ ქსელში კამპანია უკვე დაწყებულია, კომპანიის მენეჯმენტი კი ბრალდებებს უარყოფს.

ქარხანა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 1 კილომეტრში მდებარეობს, მოქალაქეების მტკიცებით, გარემოს მუდმივად აბინძურებს. “გავიგუდეთ” – ამ სახელწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნეს, რათა საზოგადოების ყურადღება მიიქციონ.

ქარხანაში ჯართს ამუშავებენ და არმატურას ამზადებენ. მათ ტელეკომპანია “იმედთან” საუბარზე უარი განაცხადეს, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოწერილ წერილში “ჯეოსთილი” მოსახლეობის ბრალდებებს უარყოფს.მათი განცხადებით შპს გამწმენდი დანადგარებით არის აღჭურვილი.

ამჟამად, გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში ჰაერის დაბინძურებას მხოლოდ სამუშაო დღეებში, სამუშაო საათებში ამოწმებს. მოქალაქეები ამბობენ, რომ სწორედ ამის გამო ქარხანა, განსაკუთრებით აქტიურად ღამე და არასამუშაო დღეებში მუშაობს. თუმცა მალე გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში ჰაერს 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს.