ვარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

1108

არქეოლოგიური გათხრების შემდეგ აღმოჩენილი ახალი იარუსები, განათებული ქვაბულები და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ვარძიის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ვარძიის კომპლექსის გადარჩენის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, წელს უნდა დამთავრდეს. ამ პერიოდში ჩატარდა არქეოლოგიური კვლევები, გასუფთავდა და დაემატა ახალი გამოქვაბულები. მათი რაოდენობა არსებული ქვაბულების დაახლოებით 20% –ს შეადგენს. კომპლექსის ზედა მხარეს, საიდანაც ქვათა ცვენის საშიშროება იყო, გაკეთდა დამცავი ბადეები. გამოქვაბულებში დამონტაჟდა განათება და მიმანიშნებელი დაფები. კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მოეწყო სველი წერტილები, დაიდგა ხის სკამები და წყლის ბიუეტები.

ახლა ვარძიაში კლდის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად შენდება ვიზიტორთა ცენტრი და ფართოვდება საპარკინგე ადგილები.

ფართომასშტაბიანი სამუშაოები ვარძიაში 2015 წელს დაიწყო. მანამდე კი კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსს მულტიდისციპლინური კვლევები ჩაუტარდა, რაშიც ქართველ სპეციალისტებს იტალიელი ექსპერტი კლაუდიო მარგოტინი დაეხმარა.