შუახევში იალაღებზე მგზავრებს უფასო ავტოტრანსპორტით გადაიყვანენ

1016
შუახევში საზაფხულო იალაღებზე გზებს გაწმენდენ, 20 ივნისიდან კი მუნიციპალიტეტში მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც მგზავრებს საზაფხულო იალაღებზე უფასო ავტოტრანსპორტით გადაყვანენ.

მერიის ცნობით, ადგილობრივების იალაღებზე გასვლამდე გაიწმინდება მთებში მისასვლელი გზები ჩირუხის, ღომას, კატრიანის, მთაგინურის, ჯვარი მინდორის, კიკიბოს, გრძელგორის, მერიაყელის, კატრიანის, ყავრიანის, თეთრობისა და ჯანჯღნარის მიმართულებით.
ასევე, მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში, შუახევში საზაფხულო იალაღების ელექტროფიკაციაც მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,ზურა 2012“ აწარმოებს. ამ დროისათვის სამუშაოები მიმდინარეობს შუბანი – ჩირუხის მიმართულებით.

“მაწყვალთა -კარაპეტის, ჯინალის და ჩირუხში – ოლადაური-პაპოშვილების მთებში დაზიანებული ტრანსფორმატორების ჩანაცვლება, რომელიც სპეციალისტების დასკვნით აღარ ექვემდებარება შეკეთებას, მოხდება ახალი ტრანსფორმატორებით ჩანაცვლება უახლოეს დღეებში. ამჟამად მიმდინარეობს ტრანსფორმატორების შესყიდვის პროცესი”,-ნათქვამია შუახევის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 650 ლარი გამოიყო.