ასპინძის სოფელ რუსთავში სასმელი წყალი, სავარაუდოდ, ვერც წელს გაკეთდება

159

ასპინძაში, სოფელ რუსთავისთვის წყლის მიყვანის ორი ალტერნატიული ვერსიიდან ვერცერთი შეირჩა. სოფელ ოშორიდან წყლის გამოყვანა, ან მდინარეზე ჭაბურღილის გაკეთება აღარ იგეგმება, სხვა ვერსიის შერჩევის შემთხვევაში კი სამუშაოების დასრულება წელს ვეღარ მოესწრება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სოფელ რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობა წყლის მისაყვანად მდინარე მტკვარზე ჭაბურღილის გაკეთებას გეგმავდა, თუმცა, ეს მოსახლეობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ ჭაბურღილი მწყობრიდან მალე გამოვიდოდა და ამის გამო სოფელი ისევ უწყლოდ დარჩებოდა.  ასევე, გამოირიცხა სოფელ ოშორიდან რუსთავისთვის წყლის მიყვანის ვერსიაც. მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ საკმარისი წყალი ოშორასაც აღარ დარჩება.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ვიდრე რამე გადაწყდება, სოფელი ისევ ტყიდან ჩამომდინარე წყაროს წყლების იმედად იქნება. “ერთადერთი გზა ისაა, რომ ეს ცოტა წყალი გამანაწილებლის საშუალებით იმ 130–მდე ოჯახს მივუყვანოთ, რომელიც სოფელში მუდმივად ცხოვრობს. რეალურად ჯერ სხვა გზა არაა“, – ამბობს სოფელ რუსთავის დეპუტატი თამაზ შავაძე.

უკვე ერთი წელია, რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.