აგურის ძველი სახლები სოფლად, რომლებიც ქრება

ანა მარგველაშვილი

სათემო განვითარების ცენტრი

წელიწადში ერთხელ მაინც მიწევს სიღნაღისა და თელავის სოფლების დიდი ნაწილის შემოვლა. სამსახური მაქვს ასეთი და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. სწორედ ეს სამსახური (სათემო განვითარების ცენტრი) მაძლევს საშუალებას დავაკვირდე სოფლად მიმდინარე სხვადასხვა პროცესს: რა სფეროებში არ ვიძვრით წინ, ან ძალიან ნელა მიდის პროცესი  (მაგ. უმუშევრობა, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა, ისევ დანაგვიანებული ხევები და ა. შ.); ჩანს, ასევე, რა იცვლება და ვითარდება და როგორ (მეტი მცირე ბიზნეს-ინიციატივა, საოჯახო და ღვინის ტურიზმი). ასეთ დაკვირვებას  გულის დაწყვეტაც ბევრი ახლავს და ფიქრი, რით ვერ დაგვადგა საშველი ­_ სიხარული და იმედიც!

გულდასწაყვეტი კი ისიც არის, რომ, უმუშევრობისა და მძიმე სოციალური პირობების გამო, სოფლად მცხოვრებლები მამაპაპისეულ, ქართული აგურით ნაგებ, ხშირად ულამაზეს და უნიკალურ სახლებს საშენ მასალად შლიან და ყიდიან. ყიდიან, იმიტომ, რომ სხვა პერსპექტივა არ ჩანს, ადამიანებს კი ფული სჭირდებათ. ეს განსაკუთრებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მომხვედრია თვალში. სწორედ ამ მხარეში შეხვედები სრულიად გამორჩეულ საერო მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლებს.

2014 წელს, ორმა ძალიან კარგმა ორგანიზაციამ, „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგმა“ და „სამოქალაქო ინიციატივამ“, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში (ქვემო მაჩხაანი, ტიბაანი, საქობო და ვაქირი) სწორედ ამ საერო არქიტექტურის სახლების აღწერა ჩაატარა და შედეგები ფართო საზოგადოებას გააცნო. მართლა გასაოცარია ეს სოფლის სახლები, ქართული აგური, ხის მოჩუქურთმებული აივნები, კედლის განჯინებიანი ნახევარსარდაფები და მარნები, თაღოვანი ჭიშკრები.

ჩემი აზრით, თითო ასეთ შენობას უნდა დაჰკანკალებდეს მუნიციპალიტეტი, აღრიცხული ჰქონდეს (მაგ. როგორც თელავში) და უფრთხილდებოდეს. სახლები დიდწილად კერძო საკუთრებაშია. მეპატრონეებს, სამწუხაროდ, არც ამ ძველი ნაგებობების აღდგენის და განახლების თანხა აქვთ, და ხშირად, ალბათ, ვერც აცნობიერებენ, რა სიმდიდრის პატრონები შეიძლება იყვნენ. შარშანდელს მერე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში არ გამივლია და არ ვიცი, ისევ გრძელდება თუ არა ამ შენობების საშენ მასალად გაყიდვა. მათ ადგილას სიცარიელე რჩება, სოფელში კი – მხოლოდ გვიანდელი პერიოდის „შებრიზგული“ სახლები. აგურის სახლების გაქრობასთან ერთად, მარტო სოფლის იერ-სახე კი არა, რაღაც მნიშვნელოვანი ამბებიც და ისტორიაც ქრება. ცხადია, ეს ჩემი სუბიექტური აღქმაა.

ამასწინათ თელავის გარშემო სოფლები მოვიარე. რაც თვალში მომხვდა და ძალიან გამეხარდა, იქნებოდა ეს აკურა, რუისპირი, თელავი თუ ნაფარეული, ახალი საოჯახო მარნები და სასტუმროები, მოვლილი და აღდგენილი ძველი შენობები და სულ ახალ-ახალი ინიციატივებია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. საოჯახო მარნების პოპულარიზაციასა და მნიშვნელობაზე ამ საქმის მცოდნეები და ენთუზიასტები, იქნება ეს „ღვინის კლუბი“, ასოციაცია ბუნებრივი ღვინო თუ, უბრალოდ, ღვინის მწარმოებლები, ბევრს წერენ და ვფიქრობ, დიდი როლი ითამაშეს დარგის და მოსახლეობის თვითშეგნების განვითარებაში ამ კუთხით.

ერთი მხრივ, მიღებულმა დადებითმა შთაბეჭდილებებმა, სიახლეებმა და სიხარულმა და მეორე მხრივ, ძველი აგურის სახლების დაშლით გამოწვეულმა გულისტკივილმა და დარდმა დამაფიქრა: ხომ არ იქნებოდა კარგი, არსებობდეს სპეციალური მუნიციპალური (ან ცენტრალური?) ფონდები, სტარტაპ საგრანტო პროგრამით, რომლებიც გლეხებს ამ უნიკალური, კულტურული მემკვიდრეობის (არაღიარებული, მაგრამ მაინც…) ძეგლებისათვის ელემენტარული ხელის შევლების (მაგ. მარნის და სველი წერტილების კეთილმოწყობის, ჩამოქცეული აივნების რესტავრაციის, სახურავების გამოცვლისა და თავდაპირველად თუნდაც ერთი-ორი სტუმრის მიღების) საშუალებას მისცემდა? ამ მცირე დაფინანსებას შესაბამისი ცოდნის გადაცემა და კონსულტაციები მოჰყვებოდა.

ეგება წლიურად რამდენიმე ოჯახი მაინც დამდგარიყო ფეხზე? სოფლად ტურიზმის განვითარება წახალისდებოდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სოფლები ხშირად ამოვარდნილია ტურისტული მარშრუტიდან და სტუმრები  მხოლოდ მუნიციპალურ ცენტრებს სტუმრობენ, ისიც მხოლოდ რამდენიმე საათით. მუნიციპალური განვითარების ხედვა კი, პირველ რიგში, სწორედ მუნიციპალიტეტის სოფლებს უნდა მოიცავდეს. ჰოდა, სოფლებში საინტერესო ტურისტული ობიექტების გაჩენა, ალტერნატიული ტურების განვითარება, ვფიქრობ, არაერთი ადამიანისთვის იქნებოდა საინტერესო და სხვა თუ არაფერი, ამ უნიკალურ, მე-19 საუკუნის სახლებს შევინარჩუნებდით, ფიზიკურ განადგურებას გადავარჩენდით   ­_ უკეთეს დროებამდე.

გამოყენებულია ორგანიზაციის – „კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი“ – ფოტოები.

მსგავსი სიახლეები