მცხეთის მიწათსარგებლობის გენგეგმისთვის 1,8-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

1005

წინა სტატია

ეკონომიკის სამინისტრომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შედგენისთვის 1,8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გენგემის მომზადების თაობაზე ტენდერი მეორედ ცხადდება, რადგან პირველი დოკუმენტი მცხეთის საკრებულომ დაიწუნა. სატენდერო კომისიაში წინადადებების მიღება 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დარულდება.

„2015-2016 წლებში დამუშავებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მოიცავდა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქი მცხეთის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიას, რომელშიც სრულად არ შედიოდა მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის აუცილებელი ისტორიული ლანდშაფტი, მათ შორის ჯვრის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორიები, რაც

2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიაზე დამტკიცდა როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ბუფერული ზონა, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მცხეთის გენგეგმა ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 550 დღეში უნდა წარუდგინოს.

მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან 2016 წელს ამოიღო.

გეგმაზე მუშაობა თავდაპირველად მცხეთის საკრებულოს სივრცით ტერიტორიული
დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ დაიწყო. პროექტის შესადგენად გამოვლინდა საპროექტო კომპანია შპს „სალი- 2011“, რომელსაც მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან 160 000 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიაში შემავალ არქიტექტორთა ჯგუფს ქალაქის განვითარების დოკუმენტი უნდა მოემზადებინა. თუმცა 2017 წელს უკვე გამზადებული დოკუმენტი ადგილობრივმა საკრებულომაც და იუნესკომაც დაიწუნეს.