საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის პრეზენტაცია გაიმართა

602

დღეს სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის (AGAJ) წარდგენის ღონისძიება გაიმართა.

ასოციაციის მიზანია საქართველოში აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების ხელშეწყობა სფეროს მთავარ მოთამაშეებთან ერთად, მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის მხარდაჭერით.

პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ ასოციაციის წევრი ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კომერციული და საჯარო სექტორების, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტთა წრეებისა და დარგობრივი მედიის წარმომადგენლები. მიწვეულმა სტუმრებმა ასოციაციის მიზნებზე, სამომავლო გეგმებსა და წევრობის შესაძლებლობებზე მიიღეს ინფორმაცია.

“ასოციაციის კარი ღიაა აგროსფეროს გაშუქებით დაინტერესებული ჟურნალისტებისა და აგროკომუნიკატორებისათვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია პროფესიული ზრდა. ასოციაციის წარდგენაში მონაწილეობას მხარდამჭერებიც მიიღებენ, რომელთაც ორგანიზაციის განვითარებაში სურთ წვლილის შეტანა”,- ნათქვამია საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია (AGAJ) არის ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანება, რომელთა წევრები ქმნიან და ავრცელებენ სასოფლო-სამეურნეო სფეროსა და მასთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასოციაციის მიზანია აგროჟურნალისტიკის დარგის განვითარების მხარდაჭერა მედიის მდგრადობისა და ჟურნალისტთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობით, რომელიც, საბოლოო ჯამში, ფერმერთა და სოფლის მეურნეობის სექტორის მოთამაშეთა უკეთ ინფორმირებასა და განათლებას უკავშირდება.

AGAJ 2017 წელს დაარსდა. ასოციაციის პარტნიორია აგროჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია (IFAJ), ხოლო მხარდამჭერები არიან: პროექტი MOLI კახეთში, რომელიც HEKS/EPER ის სამხრეთ კავკასიის ოფისის მიერ, შვეიცარიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“.