ქობულეთში სხვადასხვა ობიექტების მეპატრონეებს ნარჩენების გატანის წესები გააცნეს

679

ქობულეთში სხვადასხვა ობიექტის მეპატრონეებს ნარჩენების გატანის წესი გააცნეს და საინფორმაცო ბროშურები გადასცეს.

ასევე, ზედამხედველობის თანამშრომლებმა სავაჭრო, კვებისა და სამშენებლო ობიექტების მესაკუთრეებს ნარჩენების გატანის დროს დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდეს და წესების დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციების შესახებ გააფრთხილეს.

ნარჩენების გატანის წესები:

მუნიციპალური ნარჩენების ურნაში მოთავსებისას სავალდებულოა მუყაოს ყუთები დაკეცვის ან დაქუცმაცების გზით მინიმალურ მოცულობამდე შემცირდეს, ნაგავშემკრები კონტეინერების სწრაფად გადავსების თავიდან ასაცილებლად.

საკვებად გამოყენებული პროდუქციის ნარჩენები უნდა მოთავსდეს სპეციალურ იზოლირებულ პოლიეთილენის პარკში მისი ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირების დროს გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების განხორციელების დროს უნდა მოხდეს ნარჩენების დროული გატანა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.

“ნარჩენების გატანისას დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები”,- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.