2019 წლისთვის აჭარას ჭვანას ტურისტული მარშრუტი დაემატება

1184

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა შუახევში, ჭვანას ხეობაში იმოგზაურეს, იქ არებულ ტურისტულ ღირსშესანიშნაოებებსა და სერვისებს გაეცნენ. ჭვანას ხეობა ბათუმიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ჭვანას ტურისტული მარშრუტი ახალია და მისი მარკირება 2019 წლისთვის იგეგმება.

“ეს არის მარტივი სათავგადასავლო მარშრუტი ულამაზეს ხეობაში, რომელიც მდიდარია ციხეებით, მდინარის პირას არსებული საპიკნიკე ადგილებით. აქ ბევრი ისეთი ადგილია, რასაც სხვაგან ვერ ნახავს ჩვენი ტურისტები. მაგალითად, სიმწვანეში ჩაფლული ხის ძველი მუშა წისქვილები და სოფელი, რომელიც წისქვილების სოფლის სახელითაა ცნობილი. ხეობაში მდებარეობს ჭვანას სავიზიტო ბარათი ხაბელაშვილების, 300 წლის ულამაზესი ხის თაღოვანი ხიდი. შემდეგი წლისთვის ჩვენ განვახორციელებთ ამ ულამაზეს ხეობაში ტურისტული მარშრუტის მარკირებას, მასში საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და ტურისტული სერვისების შეტანას“, – თქვა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

ხეობაში მოგზაურობისას ტურისტებს საშუალება აქვთ დაათვალიერონ ჭვანას ჩანჩქერი, ხაბელაშვილების თაღოვანი ხიდი და ოთოლთას ციხე. ასევე, ესტუმრნონ ადგილობრივებს, სადაც ნატურალური ხილის, თაფლისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება შეიძლება. ხეობაში ფუნქციონირებს ფანდურების სახელოსნო, სადაც ფანდურების შეძენის გარდა, მასტერკლასებში მონაწილეობაც შეიძლება.