ვანში კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა

1954

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.

კათალიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმის აღდგენა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით განხორცილდა.

მუზეუმის ინტერიერის მოწყობასზე იზრუნა ა(ა)იპ ვანის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო განათლების და ტურიზმის განვითარების ცენტრის დირქტორმა თამარ ჟვანიამ.

კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე 1866 წლის 12 აპრილს სოფელ ტობანიერში სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა. იგი უაღრესად განათლებული პიროვნება იყო,მისი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ თუ საეკლესიო ცხოვრების სფეროში არ მომხდარა რაიმე მნიშვნელოვანი რომელშიც კალისტრატე ცინცაძეს მონაწილეობა არ მიეღოს. 1925 წლის პირველ ნოემბერს უწმინდესმა და უნეტრესმა საქართველოს კათალიკოს- პატრიარქმა ამბროსმა დეკანოზ კალისტრატეს მიანიჭა მიტროპოლიტის წოდება და დანიშნა კათალიკოს-პატრიარქის მუდმივ თანამოსაყდრედ, მაგრამ ბოლშევიკური ხელისუფლების დახმარებით და წაქეზებით 1926 წელ 26 დეკემბერს მოწვეულ საეკლესიო ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კათალიკოსი ამბროსის და მისი მომხრეების გადაყენების გამო კალისტრატემ უარი თქვა მოსაყდრეობაზე. 1927 წელს კი ამბროსი ხელაიას გარდაცვალების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ქრისტეფორე III გახდა. კათოლიკოს-პატრიარქის ქრისტეფორე III-ს გარდაცვალების შემდეგ 1932 წლის 21 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მე-6 კრებაზე კალისტრატე ცინცაძე არჩეული იქნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. კალისტრატე აქტიურად იბრძოდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამ საკითხს მიუძღვნა წიგნი: „ქართული ეკლესიის ავტოკეფალია“, მის კალამს ეკუთვნის ასევე მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის გამოკვლევები და წერილები, რომელიც დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე 1952 წლის 3 თებერვალს 86 წლის ასაკში აღესრულა.

უწმიდესი კათოლიკოსის ნეშტი დაკრძალეს სახელოვანი წინამორბედების – უწმიდესი კირიონ II-ის, ლეონიდის, ამბროსის, ქრისტეფორეს გვერდით სიონის საპატრიარქო ტაძარში.