ლაგოდეხში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

654

იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ იაპონიის მთავრობის „გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტი“-ს ფარგლებში ლაგოდეხში რეაბილიტირებული №1 საბავშვო ბაღი გახსნა.

გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“ დაფინანსებით, ბაღისთვის ახალი ინვენტარი შეიძინეს. ჯამში პროექტზე 150 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
„ნომერ პირველი ბაღი ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო. არასამთავრობო ორგანიზაცია „საგასთან“ ერთად დავამუშავეთ პროექტი, რომელმაც იაპონიის საელჩოში შეიტანა. ამ პროექტზე მუნიციპალიტეტმაც აიღო პასუხისმგებლობა და თანადაფინანსებაში შევედით. ამგვარად, მოხდა აღნიშნული ბაღის სრული რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ბაღების გაერთიანებამ წარადგინა პროექტი „ქეა საერთაშორისო კავკასიაში“. ამ ფონდის მხარდაჭერით, მოხდა უკვე ბაღის აღჭურვა საჭირო ინვენტარით. დღეს ჩვენ ერთობლივად გავხსენით საბავშვო ბაღი. აქ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ბავშვი განვითარდეს და უკეთესი განათლება მიიღოს,“-აღნიშნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ.

საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი თვითმმართველობის და პროექტთან დაკავშირებული სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყარო: სპექტრი