საიამ თემაზე „2017 წლის საარჩევნო დავები − მიგნებები და გამოწვევები“ დისკუსია გამართა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თემაზე „2017 წლის საარჩევნო დავები − მიგნებები და გამოწვევები” დისკუსია გამართა. დისკუსიაზე ორგანიზაციამ წარადგინა კვლევა − „საიას სტრატეგიული სამართალწარმოება და სხვა სუბიექტების (ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების) მიერ წარმოებული საარჩევნო დავების დაკვირვება − 2017 წლის საარჩევნო დავების ანალიზი“.

კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომ პერიოდში როგორც საიას, ასევე სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების/საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოებული დავები თბილისისა და 8 რეგიონში მდებარე პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში.

წინა საარჩევნო პერიოდში დავების ანალიზით შემდეგი მიგნებები გამოვლინდა:

– საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლის გამიჯვნის პრობლემა;

– უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა აგიტაციაში;

– უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარი;

– პოლიტიკური რეკლამის განთავსება არასაარჩევნო პერიოდში;

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღისა და მომდევნო პერიოდის საარჩევნო დავების ანალიზით კი საიამ შემდეგი ძირითადი მიგნებები გააკეთა:

– ამომრჩევლის ნების კონტროლი და პერსონალური მონაცემების დაუცველობა;

– კომისიის წევრის ახსნა-განმარტება, როგორც ხარვეზის აღმოფხვრის „უნივერსალური საშუალება;“

– კომისიის წევრის მხრიდან ჩადენილი გადაცდომისას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებაზე უარის თქმა უხეში დარღვევის არარსებობის მოტივით;

– დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობა;

– საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისას საოლქო საარჩევნო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფარგლები;

– სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების მხარისათვის გადაცემის ვადა;

– შესწორების ოქმის შედგენა ახსნა-განმარტებისა და ზეპირი მეხსიერების საფუძველზე.

მსგავსი სიახლეები