ქუთაისში, საცობების თავიდან არიდების გამო, ნარჩენებს ახალი გრაფიკით გაიტანენ

737

ქუთაისში ქუჩებიდან ნარჩენების შეგროვება – გატანის დრო შეიცვალა. მერიის გადაწყვეტილებით, საცობების არიდების მიზნით, ნარჩენებს დილით ადრე და ღამის საათებში გაიტანენ. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

ქუთაისის მერიის განმარტებით, პიკის საათებში სკოლებთან და ცენტრალურ ქუჩებზე პატარა მოცულობის დასუფთავების მანქანები მოძრაობენ. სპეცსერვისების 4 ავტომობილი კი დილის 05:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე მოძრაობს. საღამოს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე კი ე.წ მეორე კატეგორიის ავტომობილები მუშაობენ, რომლებიც შედარებით მცირე ზომის არიან და ქალაქში საცობს არ ქმნიან.

“იმავე კატეგორიის ავტომობილები მოძრაობენ დილის 08:00 საათიდან შუადღის 15:00 საათამდე, რათა ოპერატიულად მოახდინონ ნარჩენების გატანა. რაც შეეხება ღამის ოპერატიული დასუფთავების ავტომობილებს,  მუშაობას იწყებენ დილის 04:00 საათიდან და მუშაობენ 14:00 საათამდე”, -აცხადებენ მერიაში.

მათივე ინფორმაციით, გრაფიკის ცვლილებასთან ერთად მოხდა მომსახურეობის პერიოდულობის გაზრდა.

“რამდენიმე ობიექტზე დასუფთავების მანქანების შესვლის რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, სკოლებზე, თუ აქამდე დასუფთავების მანქანები შედიოდნენ კვირაში ერთხელ,  ახლა კვირაში 3 -ჯერ  შედიან, რათა დროულად მოხდეს ტერიტორიის ნარჩენებისგან გასუფთავება და მიმდებარე მოსახლეობას და  სკოლებს პრობლემები არ შეექმნას. ასევე დაემატა დასუფთავების მანქანების მომსახურება კვების ობიექტებს, რათა დროულად მოხდეს ნარჩენებისგან გათავისუფლება და ქალაქი იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული”, -განაცხადეს მერიაში.