ზუგდიდში დადიანების ეზოს ნაწილი აუქციონზე იყიდება

2066

ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს, 995 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე იყიდება. მისი საწყისი ფასი 482 250 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

კერძო საკუთრებაში არსებულ და იპოტეკით დატვირთულ მიწის ნაკვეთს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდის. ნაკვეთის აღწერილობაში მითითებულია, რომ მესაკუთრეს იპოთეკით დატვირთულ ფართზე 5358.53 ლარის დავალიანება დაუგროვდა და ამ თანხის მოცულობა იზრდება.

როგორც გამოცემის წერს, საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთის მფლობელი 2013 წლიდან მოქალაქე გია უბირიაა. მანამდე კი ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ქარდავას ეკუთვნოდა, რომელმაც ტერიტორია 2007 წელს შეიძინა.

ყოფილმა დეპუტატმა ჯერ კიდევ 2013 წელს „ლაივპერსს“ განუცხადა, რომ აუქციონის წესით ნაკვეთის შეძენა „სამეგრელოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა სთხოვეს“, კონკრეტულად კი ვინ, ვერ გაიხსენა, მიწის ნაკვეთში კი 135 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში გადაიხადა.

ზუგდიდის თეატრის ყოფილი დირექტორის, მაია კალანდიას ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის ზაზა გოროზიას მუშაობის პერიოდში მუზეუმის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის საკითხი დაისვა. განხილვებში ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაც მონაწილეობდა, თუმცა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, უკიდურესი საზღვრიდან 500 მეტრის მანძილზე ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის განთავსება იკრძალება, რადგან აღნიშნული ძეგლი გვიანდელი შუასაკუნეების ერთადერთი სამთავრობო ცენტრია. მაია კალანდიას განცხადებით, სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე შეჩერდა სასტუმროს მშენებლობის პროექტი.

„ლაივპრესის“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, მერიამ კერძო პირის სურვილის შემთხვევაში, მშენებლობის ნებართვა გასცეს, მერიაში განმარტეს, რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარს არ გააკეთებენ.

ელექტრონული აუქციონი 18 მაისს გამოცხადდა და 28 მაისს დასრულდება.