ევროპული საქართველო: ქუთაისის მერიაში ორ თვეში 23 ათას ლარზე მეტი სახელფასო დანამატი გაიცა

630

ქუთაისის მერიამ მარტსა და აპრილში სახელფასო დანამატის სახით 23 ათას ლარზე მეტი თანხა გასცა. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ქუთაისის საკრებულოს წევრი მერაბ მეშველიან აცხადებს. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

მეშველიანი მის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად აცხადებს, რომ პრემიებისა და დანამატების გაცემის შეწყვეტის შესახებ “ქართული ოცნების” განცხადებების მიუხედავად, ქუთაისის მერიაში სახელფასო დანამატები ისევ გაიცემა.

“ხელფასების მატება ქართულმა ოცნებამ პრემიების გაცემის შეწყვეტის მოტივით ახსნა. მტკიცება იმისა, რომ დანამატების გაცემა შეწყდა, სიმართლეს არ შეეფერება.  ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მერიამ ორ თვეში 23 ათას ლარზე მეტი სახელფასო დანამატის სახით გასცა”, – აცხადებს მეშველიანი.

მისი თქმით, ქუთაისის მერიის მიერ  მარტსა და აპრილში გაცემულია 10 ბრძანება, რომელიც 44 თანამშრომელს შეეხო.

“მარტში გაცემულია 2 ბრძანება დანამატის გაცემის შესახებ, რომელიც შეეხო სამ ადამიანს, ადმინისტრაციული სამსახურის 2 და ინფრასტრუქტურული სამსახურის ერთ თანამშრომელს. მათ მიიღეს 20-20% სახელფასო დანამატი, რომელმაც შეადგინა 610 ლარი.

რაც შეეხება აპრილს, ამ თვეში გამოცემულია სახელფასო დანამატის გაცემის შესახებ 8 ბრძანება, ზედამხედველობის ადმინისტრაციული, სამხედრო, საფინანსო სამსახურზე, ეს მთლიანობაში შეეხო 41 ადამიანს. დანამატები იყო 20 %-იანი, 30-%-იანი, დანამატები გაიცა ორი სამსახურის უფროსისათვის, განყოფილებების უფროსებისა და თანამშრომლებისათვის. მთლიანობაში აპრილში გაიცა 23 ათას ლარზე მეტი.  ერთ-ერთი სამსახურის უფროსს მიღებული აქვს 735 ლარი, მეორეს -635 ლარის ოდენობით”, -განაცხადა მეშველიანმა.

მისი თქმით,  “ევროპული საქართველო” დანამატების გაცემასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის საქმიანობის მონიტორინგს კვლავ  გააგრძელებს.