ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი

739

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 71% ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების 37% თბილისშია თავმოყრილი. ამ დოკუმენტის შესახებ პარლამენტის სპეციალურ ჯგუფში მსჯელობენ. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

2016 წლის ოქტომბრისა და 2017 წლის აპრილის პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში – მიკროავტობუსების 40%.

აუდიტის სამსახურის შეფასებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.

„2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111–ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში.

აუდიტის პერიოდი 2015 წლის 1–ლი იანვრიდან 2017 წლის 1–ელ ოქტომბრამდე დროის მონაკვეთს მოიცავს.