ხულოს მერიის შენობას კომპანია “მეტრო” უსასყიდლოდ გაარემონტებს

1235

ხულოს მუნიციპალიტეტის მერსა და კომპანია „მეტროს“ დირექტორს შორის ურთიერთშეთანხმების დოკუმენტს მოეწერა ხელი. მემორანდუმის თანახმად, კომპანია მერიის შენობის რეაბილიტაციის სამუშაოებს უსასყიდლოდ განახორციელებს. შენობის რემონტისთვის 500 ათას ლარამდეა გათვალისწინებული.

“ეს იქნება ინვესტორის საჩუქარი ხულოს მუნიციპალიტეტისთვის”, – აცხადებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

უწყების ცნობით, ახლადრეაბილიტირებულ შენობაში მერია, საკრებულო და თვითმმართველობის ა(ა)იპ-ები განთავსდება.

ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის პრეზენტაცია ხულოს ცენტრში გაიმართა, რომელსაც, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეც ესწრებოდა.

„კურორტებთან ერთად, აუცილებლად უნდა განვითარდეს დაბა და აქ არსებული სერვისები უნდა იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი დღეც, როცა ინვესტორთან ერთად ხულოს განვითარებისთვის კიდევ ერთი პროექტი ხორციელდება“, – განაცხადა პრეზენტაციაზე ზურაბ პატარაძემ.