თბილისში გრძელი სამარშრუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს

888

წინა სტატია

თბილისში არსებული გრძელი სამარშუტო ხაზები, შესაძლოა, გაუქმდეს და მგზავრთა გადაჯდომის ადგილები დაწესდეს. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე იმსჯელეს. სხდომაზე თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების ხაზების რესტრუქტურიზაციის პროექტზე ისაუბრეს, რომელსაც კომპანია “სისტრა” განახორციელებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ასევე შესაძლოა რუსთავიდან, გარდაბნიდან და მცხეთიდან თბილისში მოძრავი სამარშრუტო მიკროავტობუსებისათვის გაჩერების გარკვეული ადგილები დაწესდეს, რომლის იქეთაც მათ თბილისში მგზავრების შემოყვანა აღარ შეეძლებათ.

“საუბარია იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს გადაჯდომა, გაჩერების ადგილის დაწესება თბილისში შემოსული მიკროავტობუსებისათვის, ის, რომ რუსთავიდან თბილისამდე მგზავრი უნდა ჩამოვიდეს კომფორტულად, ამაზე არავინ დავობს. საუბარია იმაზე, რამდენად სიღრმეში უნდა შემოვიდეს თბილისში, მაგალითად, რუსთავიდან მომავალი სამარშუტო მიკროავტობუსი, ამას ჩვენ აუცილებლად დავადგენთ. გადაჯდომა შეეხება არა მარტო რუსთავიდან, მცხეთიდან ან გარდაბნიდან შემომავალ სამარშრუტო მიკროავტობუსებს, არამედ თბილისში არსებულ გრძელ მარშრუტებსაც. მოხდება დადგენა იმ ადგილების, საიდანაც მგზავრი ძალიან კომფორტულად გადაჯდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებაში. შესაძლოა, ეს იყოს ავტობუსი, მეტრო და ა. შ.”, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ასმათ აბესაძემ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ სატრანსპორტო შეღავათებით შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ.