თბილისში მიკროავტობუსის მგზავრებისთვის მეორე მგზავრობა შეიძლება უფასო გახდეს

668

სატრანსპორტო შეღავათებით შესაძლოა, მიკროავტობუსების მგზავრებმაც ისარგებლონ. ამ ინიციატივის შესახებ თბილისის სატრანსპორტო ქსელის რესტრუქტურიზაციისა და მოდელირების პროექტზე მომუშავე კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა, ასმათ აბესაძემ თბილისის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე თქვა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელეკბს.

ინიციატივის თანახმად, მიკროავტობუსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელში ერთიანდება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ როცა მგზავრი ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაიხდის ერთხელ, მომდევნო საათნახევრის განმავლობაში შეეძლება, საფასურის გარეშე იმგზავროს. ვფიქრობ, მიკროავტობუსების კომპანიებიც მზად არიან ამისთვის, ინფორმირებულებიც არიან და ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. სხვა თემაა, როგორ იქნება ეს ყველაფერი გაკეთებული ტექნიკურად. ამაში ვერანაირ სიურპრიზს ვერ ვხედავთ. ​გაბილეთიანების ერთიანი ინტეგრირებული სისტემის ასამოქმედებლად ყველა მზად არის“, – თქვა კომპანია „სპექტრუმ კონსალტინგის“ წარმომადგენელმა.