სასამართლო: მეტროს მემანქანეებს გაფიცვა არასამუშო საათებში შეუძლიათ

1536

წინა სტატია

თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილისთვის გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს ცნობით, ,ერთობა 2013-ის“ ელ-მატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობა მათი სამუშაო საათების განმავლობაში არ შეეძლებათ.

„მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, განმარტოს შემდეგი: გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად. აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად. თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს ყველაზე იაფ და სწრაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად 400 000-მდე მგზავრი სარგებლობს და მისი შეფერხება გამოიწვევს მიწისზედა, ისედაც გადატვირთული საგზაო ინფრასტრუქტურის კოლაფსს.

მოქალაქეებთან ერთად, დაბრკოლდება და შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის, სახანძრო უსაფრთხოების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების უზრუნველმყოფ პირთა გადაადგილება (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის, როგორც სამსახურამდე დროული გადაადგილება, მათ შორის მიწისქვეშა მუნიციპალური ტრანსპორტის მეშვეობით, ასევე ამ სამსახურების სარგებლობაში არსებული სპეციალიზებული ტრანსპორტის გადაადგილება, რითაც შეფერხდება ჯანდაცვის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურების გაწევა)“, – აღნიშნულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციაში.

სასამართლოს ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გაფიცვის უფლებით სარგებლობს მეტროპოლიტენის ელ-მატარებლების მემანქანეთა 80%-ზე მეტი, „რაც შეუძლებელს გახდის მუნიციპალური მიწისქვეშა ტრანსპორტის (მეტროს) უსაფრთხო და გამართულ ფუნქციონირებას“.

„სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს სცადა, დაებალანსებინა, როგორც პროფესიულ კავშირებში გაერთიანების და გაფიცვის უფლება, ასევე საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. სასამართლომ, ასევე მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ელ-მატარებლების მემანქანეთა გაფიცვა შესაძლოა, ატარებდეს ხანგრძლივ ან უვადო ხასიათს, შესაბამისად, სასამართლოს განჩინებით, ა(ა)იპ „ერთობა 2013“-ში გაერთიანებულ მემანქანეებს დეკლარირებულ გაფიცვაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მიეცათ.

სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ხორციელდება, რომელიც თავის მხრივ განვითარებული ევროპული ქვეყნების სასამართლო პრაქტიკაა და მისი გამოყენება/არ გამოყენება გავლენას არ ახდენს დავის საბოლოო შედეგზე“, – წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მეტროპოლიტენის მემანქანეების ნაწილი 3 მაისს გაფიცვას გეგმავდა.  თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას 2 აპრილიდან ითხოვენ. თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის მემანქანეებს ხელფასს არ გაუზრდის.