აწყურის ციხეს რესტავრაცია უტარდება

1563

აწყურის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი, პარალელურად კი ციხის ეზოში აღმოჩენილი ნაეკლესიარის შესწავლა მიმდინარეობს. ინფორმაცია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

აწყურის ცეხეზე სამუშაოები სამხრეთ ციტადელზე მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ე.წ. პირველი და მეორე ციხის რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს, რაც კედლების და ქონგურების აღდგენას გულისხმობს.

აწყურის ციხეზე, სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი 2016–2017 წლებში მიმდინარეობდა. მაშინ ციხის ტერიტორია სპეციალურად დამონტაჟებული საბაგიროს დახმარებით ქვებისგან გაიწმინდა. პარალელურად კი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ციხეზე ნაეკლესიარი აღმოჩნდა. მისი შესწავლა კი ახლა მიმდინარეობს.

“რომელ საუკუნეებს ეკუთვნის ეს ეკლესია და ვისი სახელობისაა ჯერ არ ვიცით, ამ ყველაფერს სპეციალისტები დაადგენენ“, – ამბობს სამუშაოების კოორდინატორი და მხატვარ–რესტავრატორი რამაზ კორშია.

ბოლო, მეოთხე ეტაპის სამუშაოები, რაც ციხის გვირაბის აღდგენას გულისხმობს, მომავალ წელს ჩატარდება. აქ სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ივერთმშენი“ ახორციელებს. როგორც მისი დირექტორი ედიშერ ჯანჯულია ამბობს, სავარაუდოდ, ციხის რესტავრაცია მომავალი წლის ბოლოს, ან 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.

ციხის რეაბილიტაციასთან ერთად, მის მიმდებარედ, ინფრასტრუქტურის მოწყობაც იგეგმება, თუმცა ამისთვის ჯერ არც პროექტია შედგენილი და არც თანხაა გათვალისწინებული.

აწყურის ციხის რეაბილიტაციას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. ფონდში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის სარესტავრაციო სამუშაოებისთვის 626 000 ლარია დახარჯული, თუმცა რა თანხაა გათვალისწინებული ციხის შემდგომი რეაბილიტაციისთვის ამაზე არ საუბრობენ.

„პირველ საუკუნეში საქართველოს გაქრისტიანება გარკვეულ წილად აწყურის ციხესაც უკავშირდება. ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში ღამე პირველად აქ გაათია. მას პირველი სასწაულიც აქ მოუხდენია. ამ ციხის მთავარს და მის მეუღლეს შვილი გარდაცვლიათ. მათ ანდრია პირველწოდებულისთვის შვილის გაცოცხლება უთხოვიათ, მას კი გაუცოცხლებია. ამის შემდეგ, აქ მცხოვრები ყველა ოჯახი ქრისტიანულად მონათლულა“, – გვიყვება რამაზ კორშია.

აწყურის ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან მდებარეობს. მატიანეში ის პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. ციხე სამხრეთიდან ბორჯომის ხეობას იცავდა. მისმა მშენებლებმა საუკუნეების წინ მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდის რელიეფი. მათ სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა შექმნეს. ციხეში შესვლა კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით შეიძლებოდა. ამჟამად ციხის მთლიანი ნაგებობა აღარ არის. შეინიშნება სხვადასხვა დროის მრავალი სამშენებლო ფენა. 2009 წლის 19 აგვისტოს ციხე ჩამოინგრა და 2013 წელს მასზე გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.