გორი-მცხეთის დამაკავშირებელ გზაზე, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1019

გორი-მცხეთის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე კავთურას ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რის გამოც, საგზაო მიმოსვლა შეფერხებულია. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, ხიდის სარეაბილიტაციოდ, დაახლოებით, 200 000 ლარი გამოიყო.

ხიდის კვლევა კომპანია ,,კავტრანსპროექტის” სპეციალისტებმა ჩაატარეს და შემდეგი დეფექტები აღმოაჩინეს:

მცირე დაზიანებები გააჩნია სავალი ნაწილის ასფალტ-ბეტონის საფარს; მრავლადაა დაზიანებული ტროტუარების შემადგენელი კონსტრუქციები;

ხიდზე არ ფუნქციონირებს წყალმოცილების სისტემა; ასევე, უხარისხოდაა შესრულებული და გამოფიტულია კოჭების ერთმანეთთან დასაკავშირებელი გამონოლითების ნაკერის ბეტონი;

მალის ნაშენის კოჭებზე მრავლადაა ბუნებრივი ნალექის ჩამონადენის კვალი; სანაპირო ბურჯების ფერმისქვეშა ფილები დანაგვიანებულია;

საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით, გამორეცხილია როგორც სანაპირო, ასევე სარეგულაციო კედლების საძირკველი. სამუშაოები, გეგმის მიხედვით, 4 თვე გასტანს.