თელავის საბავშვო ბაღების აღმზრდელები ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადდნენ

796

თელავის პირველ ბაგა-ბაღში ინკლუზიური განათლების მიმართულებით პროექტი განხორციელდება. თელავის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თინიკო ხანჯალიაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში სკოლამდელ დაწესებულებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით თეორიულ სწავლებასა და პრაქტიკული მუშაობას შეაფასებენ. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებმა ინკლუზიური განათლების მიმართულებით გადამზადება გაიარეს. ხანჯალიაშვილის თქმით, ტრენინგ-კურსი ხელს უწყობს ბაგა-ბაღებში ინკლუზიური განათლების დანერგვას და სპეციალური საჭიროებების მქონე აღსაზრდელებთან გამართულ მუშაობას.

კურსი 6 თვის განმავლობაში ტარდებოდა, რომლის ფარგლებშიც ყველა სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელმა შესაბამისი განათლება მიიღო.

“ის თუ როგორ გამოიყენებენ ისინი თეორიულად ნასწავლ მასალას პრაქტიკაში, ამ პროცესს თელავის 1 ბაღში დააკვირდებიან და მუშაობას შეაფასებენ. აღმზრდელებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორ უნდა გააუმჯობესონ ამ კუთხით მუშაობა და რა გზითაა შესაძლებელი სამუშაო და სასწავლო პროცესების სწორი ორიენტირება ბავშვის საუკეთესო ინტერესების მისაღწევად. გადამზადების შემდეგ, აღმზრდელების ცნობიერება ინკლუზიურ განათლებასა და მასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი”, -თქვა თინიკო ხანჯალიაშვილმა.