ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში დასაქმებულთა რაოდენობა და წლიური ხარჯები შეისწავლეს

832

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციამ მერიის ა(ა)იპ დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი წლიური ხარჯი შეისწავლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ევროპული საქართველოს” წევრების განცხადებით, ქუთაისის მერიის 15 ა(ა)იპ-სა და შპს-ში ჯამში 3 649 ადამიანია დასაქმებული. აქედან შტატით – 3 469, ხოლო შტატგარეშე 180 თანამშრომელია. მათივე ინფრმაციით, დასაქმებულთა ხელფასზე თვეში 1 508 484.4 ლარი, ხოლო წელიწადში 18 101 817 ლარი იხარჯება.

“ევროპული საქართველოს” წევრი მერაბ მეშველიანი განმარტავს, რომ გაურკვეველია, ა(ა)იპ-ებში ხელფასების განსაზღვრის პრინციპი. მეშველიანის თქმით, შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასი შტატში მყოფი თანამშრომლების ხელფასს ბევრად აღემატება.

“ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში განსხვავებულია დირექტორების ხელფასები. ასევე დირექტორებს ჰყავთ ორი, სამი მოადგილე, მრჩევლები, ამავდროულდ, დუბლირებულია საკითხები. ა(ა)იპ-ებში შექმნილია ორკაციანი განყოფილებები. დასაქმებულია პარტიული აქტივი. გაუმართლებელია ის ხარჯები, რასაც ქუთაისის მერია ამ მიმართულებით ხარჯავს“, – განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ორგანიზაცია კულტურულ დაწესებულებათა ა(ა)იპ-ია, სადაც 386 თანამშროემლი მუშაობს, მათ სახელფასო ანაზღაურებას კი ყოველწიურად 3 550 900 ლარი ხმარდება.

2100 ლარს იღებს მერიის „ა(ა)იპ სპეციალური სერვისების“ უფროსი, სადაც 513 თანამშრომელია დასაქმებული, ხოლო წლიურად მათი თანამდებობრივი სარგოსთვის 3 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. 2000 ლარი აქვს ხელფასი მერიის ახლადშექმნილ ა(ა)იპ „ქუთგანათების“ უფროსს, მისი თანამშრომლების ხელფასზე კი წლის განმავლობაში 3 460 000 ლარია გამოყოფილი.

არის ხშირი შემთხვევები, როცა ა(ა)იპ-ებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები დაწესებულებაშიც და მის ფილიალებშიც ჰყავს.

“ევროპული საქართველო” ქუთაისის მერიას მოუწოდებს შეამციროს ააიპ დაწესებულებების ხარჯები და დაზოგილი თანხით სოციალური სფეროები დააფინანსოს.