ხობის მუნიციპალიტეტში, შუა ხორგაში, ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

1013

მერიის ცნობით, ხობის მუნიციპალიტეტში ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-5 კილომეტრზე, მდინარე ხობზე სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 598 765 ლარია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი“ ახორციელებს.

ახალი ხიდის სიგრძე 113 მეტრი, ხოლო სიგანე 8 მეტრი იქნება. სამუშაოზე დასაქმებულია 15 მუშახელი.

“ხიდი, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში აშენდა; ხოლო, 1993 წელს აფეთქების შედეგად ხიდის გარკვეული ნაწილი დაზიანდა. სარებილიტაციო ობიექტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა სრულ რეაბილიტაციას”, – აღნიშნავენ მერიაში.

2018 წელს, ჭალადიდი-ხორგა-ხობის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე, მდინარე ყორათზე ახალი ხიდი აშენდა (1 მილიონ 677 ათასი ლარი); ხოლო, ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის მეთერთმეტე კილომეტრზე მდებარე (მდინარე ხობზე) ხიდის რეაბილიტაცია (679 946 ლარი) მიმდინარეობს.