ხონში არასამთავრობო ორგანიზაცია “აფხაზინტერკონტმა” სამუშაო შეხვედრა გამართა

1085

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აფხაზინტერკონტი”-ს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.

ფონდ „აფხაზინერკონტმა“ (AIC) – 2018 წლის მარტის თვიდან დაიწყო პროექტის – „იგპ –თა თემის ინიციატივები ღირსეული ცხოვრებისათვის“, რომელიც განხორციელდება იმერეთის რეგიონის, ხონის სამხედრო დასახლებაში.

უწყების ცნობით, პროექტი 25 მაისს დასრულდება.

პროექტი დაფინანსებულია ლტოლვილთა დანიის საბჭოს და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ფონდის (CISU) მიერ პროექტის „სამართლიანი საზოგადოებისკენ“ ფარგლებში.

როგორც მერიასი აცხადებენ, AIC-ის პროექტის მიზანია: ი.გ.პ.–თა თემის აქტიური ჩართულობით, თემში არსებული საჭიროებების და პრობლემების ეფექტური ადვოკატირების პროცესის წარმართვა, გადაწყვეტილებების მიმღებ უწყებებთან და უწყებათშორის ჯანსაღი დიალოგის ხელშეწყობა და ადგილობრივი თემის შესაძლებლობათა განვითარება.

პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: თემის ადვოკატირების კამპანიის სამუშაო ჯგუფის არჩევა, რომლშიც შევლენ სათემო და რეგიონალური (დევნილთა თემებზე მომუშავე) არასამთავრობო ორგანიზაციები და ბინათ მესაკუთრეთა (რეგისტრირებული და არა რეგისტრირებული) ამხანაგობების ლიდერები.

სამუშაო ჯგუფი იქნება მთავრი აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ჩაერთვება და ზედამხედველობას გაუწევს ადვოკატირების კამპანიის სწორად წარმართვის პროცესს – დასახული მიზნების მიღწევის და თემში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით.

“თემის სამუშაო ჯგუფი განსაზღვრავს არსებულ მწვავე პრობლემას, მისი მოგვარების მიმართულებით გაიმართება ადვოკატირების კამპანია, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება ყველა საჭირო მონაცემი, მომზადდება პეტიციის ტექსტი, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მოეწერება ხელი აღნიშნულ დოკუმენტს, ჩატარდება ექსპერტიზა, გაიწერება რეკომენდაციები, შეგროვდება ფოტო-ვიდეო მასალა, მომზადდება ობიექტურ მონაცემებზე დაფუძნებული პრეზენტაცია. ჩატარდება უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა (თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებულ გადაადგილებული პირების, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი, დევნილი თემის წარმომადგენლები).

ასევე, განისაზღვრება უწყებათაშორის ფუნქციები, გაიწერება სამოქმედო გეგმა, შესრულების ვადები და პასუხისმგებელი პირები. თემის სამუშაო ჯგუფი გაუწევს პრობლემის გადაწყვეტის მონიტორინგს და შეფასებას”,- ნათქვამია ხონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.