თეთრწყაროში, RDFG-ის ოფისში, სოფლის განვითარების პრიორიტეტებზე იმსჯელეს

620

მერიის ინფორმაციით, 17 მაისს ასოციაცია “სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის” (RDFG) თეთრიწყაროს ოფისში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ” სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სპორტის სამინისტროების და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია სოფლის განვითარების ახალი კონცეფციის დანერგვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით მიღწეულ პროგრესზე და მოისმინეს მათი მოსაზრებები და წინადადებები.

აგრეთვე, შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო პროგრამები და ის ინიციატივები, რომლის მიზანია სოფლის განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებით, სოციალური და საჯარო სერვისების გაუმჯობესებით, დასაქმების ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვით.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მონაწილეებმა იმსჯელეს ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ გამოწვევებზე, სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შესახებ.

ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფლად ტურიზმის განვითარების და სოფლის განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის საკითხებს.

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფი ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და ერთ-ერთია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი რვა ადგილობრივი განვითარების ჯგუფიდან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.